ᲪᲝᲪᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲔᲑᲘ ᲛᲔᲜᲢᲝᲠᲗᲐᲜ
ყველა გაკვეთილი რეალურ დროში მიმდინარეობს მენტორთან ერთად — არასდროს ჩაწერილი ვიდეოთი.
ამ კურსის სრული დეტალები კონსულტაციაზე თანხმდება — მოითხოვე და ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ.
კურსი განკუთვნილია ემიგრანტი ქართველი ბავშვებისთვის, რომლებიც ორ კულტურას შორის იზრდებიან და რომელთათვისაც ქართულთან კავშირი ყოველდღიურობაში ხშირად სუსტდება. მისი მიზანია, ქართული კულტურული მემკვიდრეობა „გაკვეთილიდან წარსულზე“ ცოცხალ, თანამედროვე და საინტერესო სივრცედ აქციოს და ბავშვებს ქართულ ენასთან, ხელოვნებასა და იდენტობასთან კავშირი გაუღრმავოს. გაკვეთილები ონლაინ ტარდება: ცოცხალი შეხვედრები შერწყმულია Padlet-ზე არსებულ ციფრულ სამუშაო სივრცესა და 4 მოკლე ვიდეო-ინსტრუქციასთან (Padlet, Canva, ხმოვანი ისტორიები, მარტივი ანიმაცია). სწავლება პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL) და STEAM მიდგომით მიმდინარეობს, ამიტომ მოსწავლეები მკვლევრები და შემოქმედები არიან, ხოლო თითოეული მოდული საბოლოო პროდუქტითა და მცირე პრეზენტაციით სრულდება. 6 თვის განმავლობაში (კვირაში 2, სულ 48 ერთსაათიანი გაკვეთილი) ბავშვები ხუთ ქართველ მხატვარსა და ქართულ ორნამენტს გაეცნობიან, ხოლო ყოველ გაკვეთილზე ქართულად საუბრობენ, თემატურ ლექსიკას სწავლობენ და მოკლე ტექსტებს წერენ. შედეგად ისინი მიიღებენ ქართულად საუბრისა და წერის რეალურ პრაქტიკას, ქართული ხელოვნების ცოდნას, ციფრულ უნარებსა და შემოქმედებით თავდაჯერებულობას, ყოველი მოდულის ბოლოს კი მზა პროექტს, რომელსაც მშობლების მონაწილეობით ორ ფესტივალზე წარადგენენ და სერტიფიკატებს მიიღებენ.
პეტრე ოცხელი: პერსონაჟის დიზაინი
კვირა 1–4 (გაკვეთილები 1–8). ბავშვები ქართულად წარადგენენ საკუთარ თავს, ხატავენ „ჩემი ორი სამყარო“ – საქართველოსა და იმ ქვეყნის გამოსახულებას, სადაც ცხოვრობენ – და პირველ პოსტს აქვეყნებენ Padlet-ზე. ეცნობიან მხატვარ-სცენოგრაფ პეტრე ოცხელის ბიოგრაფიას, კოსტიუმებსა და ესკიზებს, მის გეომეტრიულ, მონუმენტურ სტილს და იღებენ მთავარ გამოწვევას: „მფრინავი მღებავის“ სუპერგმირად ან პერსონაჟად გარდაქმნას. ქართულად იგონებენ პერსონაჟის სახელს, ხასიათს, სუპერძალასა და მოკლე ისტორიას (Backstory), მუშაობენ 2–3 ესკიზზე, სილუეტზე, ქართული ორნამენტით შთაგონებულ კოსტიუმსა და ფერთა პალიტრაზე, რომელსაც ასაბუთებენ („რატომ ავირჩიე ეს ფერები?“). ვსწავლობთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემას ქართულად („მომწონს, რომ…“, „შეიძლება დაემატოს…“) და ნამუშევრებს კომენტარების მიხედვით ვასწორებთ. საბოლოო პროდუქტი: ორიგინალური სუპერგმირის ან ანტაგონისტის პერსონაჟი და ვირტუალური გამოფენა „Comic-Con Georgia“, რომელზეც მშობლები დამკვირვებლად შეიძლება მოვიწვიოთ.
ნიკო ფიროსმანი: ნარატივი და სივრცე
კვირა 5–8 (გაკვეთილები 9–16). ბავშვები ეცნობიან ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და ნაივური ხელოვნების არსს, ათვალიერებენ ცნობილ ნამუშევრებს და ქართულად საუბრობენ იმაზე, რას ხედავენ, რას გრძნობენ პერსონაჟები და რატომ უყვარს ფიროსმანს მარტივი ფორმები. ცდილობენ მისი ტექნიკის – შავი ფონისა და ფერადი აქცენტების – გამოყენებას და შავ ფონზე ხატავენ „ჩემი ოჯახის სუფრას“ ან „ჩემს ქუჩას“. შემდეგ ფიქრობენ, რა არის ჩარჩოს მიღმა, არჩევენ მასალას და ციფრული ან ფიზიკური კოლაჟით აგრძელებენ გარემოს; ამისთვის გვახსენდება Canva-ს ვიდეო-ინსტრუქცია (ფონის ამოჭრა, PNG შრეები). ქართულად წერენ მოკლე ისტორიას თავიანთი ნახატის პერსონაჟზე (დასაწყისი, გართულება, დასასრული), ჩაიწერენ აუდიო-ნარატივს ან მოკლე „პოდკასტს“, მუშაობენ გამოთქმაზე, ტემპსა და ინტონაციაზე და ყველაფერს Padlet-ის საერთო გალერეაში ტვირთავენ, სხვების ნამუშევრებს კი კომენტარებით ამოწმებენ. საბოლოო პროდუქტი: ფიროსმანის სტილის ნახატი, მისი გაგრძელებული სივრცე და ხმოვანი ისტორია Padlet-ის ინტერაქტიულ მუზეუმში, სადაც ბავშვები ერთმანეთს ქართულად „ტურს“ უტარებენ.
ქართული ორნამენტი: ბრენდინგი
კვირა 9–12 (გაკვეთილები 17–24). ბავშვები იკვლევენ ქართულ ორნამენტებს ხალიჩებზე, ქვაზე ამოკვეთილ ნახატებსა და სამოსზე გამოყენებულ მოტივებს, საუბრობენ სიმბოლოების მნიშვნელობაზე და ქართულად აგროვებენ ლექსიკას (წრე, ჯვარი, ხვეული, სიმეტრია და სხვა). ორნამენტებს ეძებენ ოჯახის ნივთებში, წიგნებსა და ფოტოებში, ხატავენ ჩანახატებს და სწავლობენ ორნამენტის „მეცნიერის თვალით“ ცქერას. ორნამენტს არღვევენ მარტივ გეომეტრიულ ფიგურებად (წრე, სამკუთხედი, კვადრატი) და გამეორების, სიმეტრიისა და ფერთა პალიტრის გამოყენებით აწყობენ ახალ, ორიგინალურ პატერნს. აკვირდებიან, როგორ იყენებენ ბრენდები კულტურულ სიმბოლოებს (ტანსაცმელი, სკეიტბორდი, ბეჭდვითი პროდუქცია), არჩევენ, რას შექმნიან (ლოგოს, სკეიტბორდს, მაისურს ან სხვა ნივთს) და ციფრულად აწყობენ Canva-ში (ასაკის მიხედვით – Figma-შიც), ამატებენ ბრენდის სახელსა და მოკლე სლოგანს ქართულად. წერენ და ივარჯიშებენ მოკლე პრეზენტაციას (რა არის ჩემი ბრენდი, რომელი ორნამენტი დევს მის საფუძვლად, ვისთვის არის განკუთვნილი) და ერთმანეთს ურთიერთშეფასებას უკეთებენ. საბოლოო პროდუქტი: ქართული ორნამენტით შთაგონებული საკუთარი ბრენდი და თანამედროვე Merch-ის დიზაინი (ლოგო, სკეიტბორდი ან ტანსაცმელი), წარდგენილი ვირტუალურ Pop-Up Store-ში.
ელენე ახვლედიანი: ზღაპრული ქალაქი
კვირა 13–16 (გაკვეთილები 25–32). ბავშვები ეცნობიან ელენე ახვლედიანის ცხოვრებასა და სცენოგრაფიულ ნამუშევრებს, ათვალიერებენ დახრილ სახლებს, აივნებს, ეზოებსა და თეატრალურ განწყობას და ქართულად აღწერენ, რას ხედავენ და როგორ ეჩვენებათ ეს ქალაქი. ხატავენ საკუთარი ზღაპრული თბილისის ესკიზს (სახლები, ბალკონები, ქუჩები, პერსონაჟები) და მუშაობენ პერსპექტივასა და ფორმების გამარტივებაზე. სწავლობენ სცენოგრაფიის პრინციპს – წინა პლანი, შუა პლანი და ფონი – ესკიზს ყოფენ შრეებად და მუყაოთი (ან ციფრულად Canva-ში) აწყობენ 3D / Pop-up კომპოზიციას, რითაც სიღრმის ეფექტს ქმნიან. ამატებენ ზამთრის დეტალებს, განათებასა და ფერთა ატმოსფეროს, ვიდეო-ინსტრუქციის მიხედვით კი მარტივ ანიმაციას (თოვლი, მოციმციმე ფანჯრები) CapCut-ში ან Genially-ში. Padlet-ზე ამზადებენ მშობლებისთვის მოსაწვევს, წერენ მოკლე სიტყვას საკუთარ ნამუშევარზე და ვარჯიშობენ წარდგენაში. საბოლოო პროდუქტი: მრავალშრიანი (3D / Pop-up) ზღაპრული თბილისის კომპოზიცია და შუალედური საახალწლო ფესტივალი მშობლების მონაწილეობით, სადაც თითოეული მოსწავლე ქართულად წარადგენს ნამუშევარს, აკეთებს მოკლე რეფლექსიას („რა ვისწავლე?“) და იღებს შუალედურ სერტიფიკატს.
შალვა ქიქოძე: ორ ქალაქს შორის
კვირა 17–20 (გაკვეთილები 33–40). ბავშვები ეცნობიან ქართველ მოდერნისტ მხატვარს შალვა ქიქოძეს, რომელიც პარიზში მუშაობდა, ათვალიერებენ მის ნამუშევრებს და ქართულად საუბრობენ იმაზე, როგორია ცხოვრება ქვეყანაში, რომელიც შენი სახლი არ არის; საკუთარ ემიგრანტულ გამოცდილებას მხატვრის ისტორიასთან აკავშირებენ. სწავლობენ, როგორ აგებს პორტრეტს ხაზი, ფორმა და პროპორცია, წყვილებში ეკრანზე ხატავენ ერთმანეთის სწრაფ პორტრეტს და ქართულად აღწერენ სახის ნაკვთებს. აკვირდებიან, როგორ გადმოსცემს ქიქოძე ემოციას ფერითა და ხაზით, აგროვებენ ემოციების ლექსიკას (მონატრებული, გახარებული, დაბნეული) და ხატავენ ფერად ესკიზს „ჩემი დღევანდელი განწყობა“. ქმნიან ავტოპორტრეტს „ორ ქალაქს შორის“ – ერთ მხარეს საქართველოთი, მეორე მხარეს იმ ქალაქით, სადაც ცხოვრობენ – და მუშაობენ კომპოზიციაზე, ფერთა წყვილზე, ფონსა და საბოლოო პალიტრაზე. ბებიას, ბაბუას ან სხვა ახლობელს ქართულად სამ კითხვას უსვამენ (მაგალითად, „რა გიყვარს საქართველოში?“) და ხატავენ მის პორტრეტს ფოტოდან ან ვიდეოზარიდან, შემდეგ კი ჩაიწერენ მოკლე ხმოვან წერილს და მუშაობენ გამოთქმასა და ინტონაციაზე. საბოლოო პროდუქტი: პორტრეტი „ორ ქალაქს შორის“ (თბილისი და ბავშვის ახლანდელი ქალაქი), ოჯახის წევრის პორტრეტი და ხმოვანი წერილი Padlet-ის გალერეაში.
ლადო გუდიაშვილი: ფერი, ფრესკა, ფანტაზია
კვირა 21–24 (გაკვეთილები 41–48). ბავშვები ეცნობიან ლადო გუდიაშვილის ცხოვრებას, თბილისურ ბოჰემასა და მის ფერად, ფანტასტიკურ სამყაროს, ადარებენ მას პეტრე ოცხელსა და შალვა ქიქოძეს: რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან. ათვალიერებენ ქართულ ფრესკებსა და ხატებს (ბრტყელი ფორმები, მკვეთრი კონტური, ოქროსფერი აქცენტები) და პატარა ვარჯიშში ხატავენ ფიგურას ფრესკის სტილში. ქმნიან ფანტასტიკურ პერსონაჟებს (მუსიკოსებს, ცხოველებს, მოცეკვავეებს), ქართულად წერენ მათ მოკლე აღწერას და ხატავენ ესკიზს. არჩევენ ოჯახის რომელიმე დღესასწაულს ან ტრადიციას (სუფრა, ქორწილი, ახალი წელი), გეგმავენ სცენის კომპოზიციას, მუშაობენ ფერთა კონტრასტზე, ოქროსფერ აქცენტებსა და ფერის გამეორებაზე და ხატავენ დიდ ფორმატზე (A3 ან ციფრულად), ნახატს კი მოდულ 3-ის ცოდნით ორნამენტს ამატებენ. აწყობენ ფინალურ გამოფენას: ირჩევენ ყველა მოდულიდან საუკეთესო ნამუშევრებს, ქართულად წერენ მოკლე ეტიკეტებს მხატვრებსა და საკუთარ პროექტებზე და გამოფენას Padlet-ზე აწყობენ. საბოლოო პროდუქტი: ფრესკისა და გუდიაშვილის ფერადი სამყაროს შთაგონებით შექმნილი ფანტასტიკური ქართული დღესასწაულის ნახატი დიდ ფორმატში და კურსის ფინალური გამოფენა-ფესტივალი, სადაც მშობლები ესწრებიან, თითოეული მოსწავლე 6 თვის განმავლობაში გავლილ გზას წარადგენს, აკეთებს მოკლე რეფლექსიას („რა ვისწავლე?“, „რომელი მხატვარი მომეწონა და რატომ?“) და იღებს სერტიფიკატს.
ყველა გაკვეთილი რეალურ დროში მიმდინარეობს მენტორთან ერთად — არასდროს ჩაწერილი ვიდეოთი.
მენტორი შენს პროგრესს ადევნებს თვალს და შენს სწავლის სტილს პასუხობს.
პროგრესი მუდმივად აღირიცხება, ასე რომ ყოველთვის იცი, სად ხარ.
განრიგი წინასწარ თანხმდება და თბილისის დროით ჩანს, სადაც არ უნდა იყო.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც ესმით ქართული, თუმცა სურთ, უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად ისაუბრონ. კურსი განკუთვნილია ორ კულტურას შორის გაზრდილი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ ქართულად გამოხატონ საკუთარი აზრი, ემოციები და შეხედულებები და ამასთან განივითარონ ცხოვრებისეული უნარები: ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება, ციფრული უსაფრთხოება და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. გაკვეთილები ტარდება ონლაინ, მცირე ჯგუფებში, კვირაში ერთხელ, 35–40 წუთი.
შენთვის სწორ დონეს, ჯგუფსა და განრიგს ერთად დავადასტურებთ.
ქართული ხელოვნების ახალი სიცოცხლე – ინტერაქტიული ხელოვნების კურსი ემიგრანტი ქართველი მოსწავლეებისთვის
ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ